34 წელი აფხაზეთის ომიდან - "ჩემი შვილი, ქმარი, მაზლი, მაზლიშვილები იქ დახვრიტეს, 38 დღე დასაფლავების უფლებას არ მაძლევდნენ"
34 წელი აფხაზეთის ომიდან - დილიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება.
ადგილზე მიდიან ადამიანები და ის მოქალაქეები, ვისაც შვილები, ქმრები და ნათესავები აფხაზეთსი ომში დაეღუპათ.
"პირველების" რესპოდენტი ამბობს, რომ შვილი, ქმარი, მაზლი, მაზლიშვილები სწორედ იქ დაუხვრიტეს და 38 დღის განმავლობაში დასაფლავების უფლებას არ აძლევდნენ.
ჩემი შვილი ვასო გიორგის ძე დგებუაძე პირველივე დღიდან ჩაერთო საომარ მოქმედებებში და ბოლომდე ომის დამთავრებამდე თითქმის იქ იყო და ბოლო დღეებში დაიღუპა. მამამისი, ბიძა, ბიძაშვილები მერე დახვრიტეს. ქუჩაში იყვნენ ისინი დახვრეტილები და გადასვენების უფლებას არ მაძლევდნენ. 38 დღის მერე მოვიპოვე როგოროც იქნა ვიღაცებისგან ნებართვა და დავასაფლავე სასაფლაოზე. აი ამდენი ხალხი დავასაფლავე.
არ ვიცი, რა გვაქვს ჩვენ საბოდიშო, ჩვენ დაგვეცნენ, ჩვენ გადმოგვყარეს ჩვენი სახლებიდან, რა უნდა მოვუბოდიშოთ და ვის უდნა მოვუბოდიშოთ, ვერ გამიგია". - ამბობს დაღუპული გმირების ოჯახის წევრი.
14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.