მოსახლეობის თქმით, ღამით წვიმის შედეგად საბურთალოზე გაზსადენი მილი დაზიანდა
უმძიმესი ვითარება იყო ღამით საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე, სადაც გაზსადენი მილი დაზიანდა. ამ დრომდე მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მათ "პირველებთან" საუბარი არ ისურვეს, თქვეს მხოლოდ ის, რომ ადგილზე ვითარებას ეცნობიან.
ხალხის თქმით კი სმს-ი მიუვიდათ, რომ გაზიფიცირება დღეს აღუდგებათ.
რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში. ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".
კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.
განსაკუთრებით მძმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.