რაც "ოცნება" ხელისუფლებაშია, თბილისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა - დონაძე

15.08.26 15:40
რაც "ოცნება" ხელისუფლებაშია, თბილისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა - დონაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის და კორუფციის მკვლევარის, ბესო დონაძის თქმით, რაც "ოცნება" ხელისუფლებაშია, თბილისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა და სწორედ ამის გამო იტბორები წვის შედეგად თბილისი. 

დონაძე ამბობს, რომ ქალაქის მიწის ქვეშ სერიოზული სანიაღვრე სისტემის მოწყობაა საჭირო, რომ ყოველი წვიმის დროს თბილისის მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ხელებით არ ებრძოდეს. 

რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ეს არის ნარმანიას მერობის პერიოდი, ახლა კალაძის პერიოდი - სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა თბილისში. ასე რაღაცა ამოჭრით, ერთი, თითოეული გამზირის რეაბილიტაცია საერთო სურათს ვერ ცვლის. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა. ამას სჭირდება ქალაქის მიწის ქვეშ სერიოზული სანიაღვრე სისტემის მოწყობა. კალაძის მიერ შეფასება, რომ იცით, რა - უხვი ნალექი იყო, ასე არ არის. ეს უხვი ნალექი იზომება ციფრებში და ჩვენ გუშინდელი უხვი ნალექი უნდა შევადაროთ ციფრებში, როგორი იყო გუშინ წინ და იმის წინ და ეს ითვლებოდა თუ არა სტიქიად - სახელმწიფომ გუშინდელი წვიმა აღიარა თუ არა სტიქიად. ეს ყველაფერი უნდა გამოქვეყნოს ეროვნულმა სააგენტომ", - აცხადებს ბესო დონაძე.

რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში.  ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".

კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.

განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.