რომეო მიქაუტაძის სკანდალურ ჩვენება - ბიზნესში პირველი შეფასებები კეთდება
რომეო მიქაუტაძის სკანდალურ ჩვენებას ბიზნეს-სექტორში პირველი შეფასებები მოჰყვა - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მან ეკონომიკის ექს-მაღალჩინოსნის ჩვენებაში უფრო "ოცნების" შიდა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება დაინახა, ვიდრე ბიზნესის ტერორი.
- მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა გუშინ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებისას თქვა რომ ბიზნესმენებს ფულს ართმევდა და ლილუაშვილთან მიჰქონდა.
ბურჯანაძე აღიარებს, რომ საქართველოში არსებობს ბიზნესი, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული არიან და შესაბამისად, თანხასაც იხდის - "არვიცი ხარკს დავარქმევთა თუ რას დავარქმევთ, ეს შეიძლება არსებობდეს".
ბიზნესი არ არის იმდენად დიდი, რომ ხარკი იხადოს "ქართულ ოცნებასთან". ჩემამდე ასეთი ინფრომაცია არ მოსულა, რომ (ბიზნესი დაეტერორებინა). რაც გუშინ გაჟღერდა მიქაუტაძის მხრიდან, მე ამით უფრო კლანური დაპირისპირების რეალობას ვუყურებ ვიდრე ბიზნესის ტერორს. არსებობენ ქვეყანაში ისეთი ბიზნესები, რომლებიც ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული არიან და შესაბამისად, როდესაც ისინი რაღაც თანხას იხდიან, ეს შეიძლება იყოს პარტნიორობის სანაცვლოდ, რომელიც შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს. ხარკს დავარქმევთა თუ რას დავარქმევთ, ეს შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის, რომ ჩვენს სფეროში იყოს ასეთი ფაქტი, მე ჯერ არ მსმენია.
ბიზნესზე ტერორს არ ადასტურებენ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციიში - ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ სმენია.
მსგავსი ტიპის ინფორმაცია არცერთ ჩვენ წევრს კომპანიას არ გაუჟღერებია. არ მოუწოდებიათ არც სხდომაზე, არც პირადად, სიმართლე რომ გითხრათ", - ამბობს ლაშა რიჟამაძე.
მსჯავრდებულმა რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესსექტორისგან ფულის მიღებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გუშინდელ სასამართლოზე ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. მიქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.