ის მოგონილი განწყობა, რომ ბიზნესი თავისუფალია, მიქაუტაძის ჩვენებით დაინგრა - ბესო დონაძე

15.08.26 16:10
ის მოგონილი განწყობა, რომ ბიზნესი თავისუფალია, მიქაუტაძის ჩვენებით დაინგრა - ბესო დონაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის და კორუფციის მკვლევარის, ბესო დონაძის განცხადებით, "ის მოგონილი განწყობა, რომ ბიზნესი თავისუფალია, გუშინ რომეო მიქაუტაძის ჩვენებით დაინგრა.

  • მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა გუშინ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებისას თქვა რომ ბიზნესმენებს ფულს ართმევდა და ლილუაშვილთან მიჰქონდა. 

დონაძის თქმით, სწორედ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენებით დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" ბიზნესს ატერორებს და ბიზნესს ართმევს ფულს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიზნესემენიდან წამოღებული ფული, არა მარტო გრიგოლ ლილუაშვილის და რომეო მიქაუტაძის ჯიბეში, არამედ "ოცნების" პარტიულ სალაროშიც მიდიოდა. 

ის მოგონილი და ხელოვნურად შექმნილი განწყობილი განწყობა, რომ ბიზნესი თავისუფალია, საბოლოო ჯამში მიქაუტაძის ჩვენებით დაინგრა. არანაირი ბიზნესი არ არის თავისუფალი დღეს. "ქართული ოცნება" ბიზნესს ატერორებს და ბიზნესს ართმევს ფულს. იმ წართმეული ფულით არის, რომ დღეს დგას ფეხზე "ოცნება". ამ წართმეული ფულით არის, რომელსაც ხარჯავს დღეს ევროპის წინააღმდეგ და ქვეყანა მიჰყავს რუსეთში. ამწ ართმეული ფულით ფინანსდება "ტროლ-ბოტებიც". წართმეული ფულით ფინანსდება ყველაფერი ცუდი, რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს. ეს ფული არის წართმეული ქართული ბიზნესისგან. 

ფული რამდენიმე ადგილას ნაწილდებოდა - ეს იყო წამრთმევი, ანუ ფული უნდა წაეღო, ანუ ლილუაშვილიც და მიქაუტაძეც კარგად უნდა ცხოვრობდეს. შემდეგ უკვე ფული მიდიოდა სხვა ჯიბეებშიც, რომ ხმა არ ამოეღოთ სხვა ჩინოვნიკებს და ასევე, ფული მიდიოდა "ოცნების" პარტიულ ყულაბაში.  როგორც თეთრი - ე.წ. რეგისტრირებული შემწირველები და ის ფული, რომელიც არჩევნებზე იხარჯებოდა", - აცხადებს ბესო დონაძე. 

მსჯავრდებულმა რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესსექტორისგან ფულის მიღებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გუშინდელ სასამართლოზე ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. მიქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.