ძლიერი წვიმის შედეგები თბილისში - ციურიხის ქუჩაზე ბეტონის გალავანი ჩამოიშალა
ძლიერი წვიმის შედეგები თბილისში - ციურიხის ქუჩაზე ბეტონის გალავანი ჩამოიშალა და ავტომობილები მოიყოლა.
ადგილზე ამ დრომდე უმძიმესი სურათია. მაცხოვრებლები დახმარებას ელოდებიან.
ადგილობრივების თქმით, მერიის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნე, დაასურათეს სიტუაცია, თუმცა, ვერ დააკონკრეტეს, როდის მოვა მძიმე ტექნიკა და გაწმენდს ამ ტერიტორიას.
ხმა იყო, გამოვედი, მოვლენო, მითხრეს, როდისო, ვერ გეტყვით, ეტყობა თბილისს წმენდენ და მერე ამოვლენ. შიგნითაც წაქცეულია. გავიტანთ ამასო, სურათები გადაუღეს, პატრულიც იყო წუხელ, სურათები გადაუღეს და წავიდნენ, - ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი მაცხოვრებელის თქმით, მისი კედელი წინა წვიმის დროსაც დაზიანდა, განცხადება შეიტანა, რომ დახმარებოდნენ, თუმცა, უარი მიიღო.
მოწყდა, გადავარდა, ვაზები, ხეხილი, ქვეშ არის მოყოლილი. ჩემი შვილი იყო სახლში, ღამე ხმა გაიგო და გამოვიდა. იმხელა ხმა ჰქონდა. იყვნენ მერიიდან, სამაშველო იყო, ქალაქშ ბევრი პრობლემაა და ვეცდები მოვახერხოთო, ველოდები. წინა დიდ წვიმებზეც დაინგრა ნაწილი, შევიტანე განცხადება, მაგრამ უარი მომივიდა, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში. ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".
კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.