„ტყუილია ეს ყველაფერი“ - მამა კირიონე გელათში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ ცნობებს უარყოფს
გელათის მონასტერში არსებული ვითარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამა კირიონე პასუხობს. სასულიერო პირი უარყოფს ცნობებს, რომ სამონასტრო კომპლექსში მდგომარეობა გაუარესებულია და ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით და ხარისხიანად მიმდინარეობს. მისი შეფასებით, პერიოდულად ვრცელდება ჭორებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომლის მიზანიც მიმდინარე პროცესის დისკრედიტაციაა.
როგორც გაწერილია გეგმით, ისე მივყვებით ყველაფერს კარგად და ხარისხიანად, მაგრამ რას იზამ, დრო და დრო ეს პანიკები, ჭორებზე დაყრდნობილი და რატომღაც ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს პროცესი გააშავონ და საზოგადოებას რთულ ფერებში წარმოუდგინონ, რა პრობლემებიც გელათს ის პრობლემები დღევანდელობაში გაატარონ და ტყუილია ეს ყველაფერი, ჩემო კარგებო. პირველად ხდება გელათის მიმართ ასეთი სრულყოფილი, სრულმასშტაბიანი კვლევა... ეს ყველაფერი არის ძალიან სამარცხვინო. არ შეიძლება, ყველაფერი გავხადოთ პოლიტიკური დებატების და მხარეების დგომის საშუალებად, - ამბობს მამა კირიონე.
მამა კირიონეს განცხადებას წინ უძღოდა გელათის მონასტრის სტიქაროსნის წერილი, რომელიც ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. წერილში საუბარია ფრესკებზე გაჩენილ ხავსზე, გახშირებულ ცვენასა და ტაძრების საძირკველში წყლის დაგროვებაზე. სტიქაროსანი ამტკიცებს, რომ მძიმე მდგომარეობა ძველი სანიაღვრე სისტემის მოშლას უკავშირდება.