„მიუსაფარი ძაღლების ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან
„მიუსაფარი ძაღლების ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებასა და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ განსაკუთრებით საეჭვოა ქუჩებიდან ძაღლების ღამის საათებში გაუჩინარების შემთხვევები. მათ აინტერესებთ, სად მიჰყავთ ცხოველები და რატომ ხდება მათი აყვანა მაშინაც, როდესაც ძაღლები აცრილები და იდენტიფიცირებულები არიან.
ცხოველთა უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ მუნიციპალური თავშესაფრის წარმომადგენლებს ქუჩებიდან აცრილი ძაღლების აყვანის ფაქტებზე ხელისუფლებისგან ფაქტობრივად „მწვანე შუქი“ აქვთ ანთებული. აქციის მონაწილეები პროცესის გამჭვირვალობასა და პასუხისმგებელი უწყებებისგან საჯარო განმარტებებს მოითხოვენ.