მედია: ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ირინა მუდრა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„ირინა მუდრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდეს“, - ნათქვამია ზელენსკის ბრძანებულებაში.
შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა გამოაცხადეს, რომ „სპეცოპერაციას ატარებდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას სამუშაო ადგილზე, ასევე, სახალხო დეპუტატის ვადიმ სტოლარის სახლშიც ჩატარდა. დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო საქმეში უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და Sense Bank-ის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ოპერაცია „ფორესტ გამპის“ მიმდინარეობისას სქემა გამოავლეს, რომლის ფარგლებშიც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებმა Sense Bank-ის მეშვეობით 150 მილიონი გრივნას უკანონო ლეგალიზაცია (გათეთრება) მოახდინეს და „მიდასის“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ჰერმან გალუშჩენკოს გირაო შეიტანეს. ჰერმან გალუშჩენკოს 150 მილიონი გრივნას ოდენობით გირაო ივნისის ბოლოს გადაუხადეს.