ხალხს ბენზინი სამეგრელოდან აფხაზეთში პლასტიკის ჭურჭლით გადააქვს - "პირველების" კადრები ენგურის ხიდიდან
"პირველების" კადრები ენგურის ხიდიდან - ხალხს ბენზინი სამეგრელოდან აფხაზეთში, პლასტიკის ჭურჭლით გადააქვს. ირკევა, რომ პოლიციას შეზღუდვა აქვს დაწესებული და ადამიანებს მაქსიმუმ 15 ლიტრამდე ბენზინის გადატანა შეუძლიათ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანები "პირველებს" ეუბნებიან, რომ თუ აფხაზეთში რომელიმე ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი არის, ის ძალიან ძვირი ღირს და მათ მისი ყიდვა უჭირთ.
5 ლიტრის გადატანა შეიძლება... იქით არის, მაგრამ ძვირია..., - ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.
საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.
ამ ფონზე, ირკვევა, რომ სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა, ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს - ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.