"პირველების" ინფორმაციით, ინტერპოლს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ინტერპოლს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ პატიმრობის შეფარდების შემდეგ ინტერპოლს წერილი გაუგზავნა, მაგრამ ფარცხალაძე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ამ დრომდე არ არის.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძე რუსეთშია. საქართველოს რუსეთიდან პატიმრის გადმოცემის არაერთი შემთხვევა არსებობს, მაგალითად რამდენიმე თვის წინ სწორედ რუსეთიდან მოხდა თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირება. პროკურორი ლევან ვეფხვაძე ირწმუნება, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე ნამდვილად რუსეთშია.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. გუშინ სასამართლოს მტკიცებულებები უნდა გამოეკვლია, თუმცა პროკურატურამ ვადის გახანგრძლივება ითხოვა და პროცესი 25 ოქტომბრამდე გადაიდო.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა პროცედურის თანახმად. ჯერ გამოცხადდა ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ძებნა და ასევე მიმართულია ინტერპოლისთვის ძებნის გამოცხადების თაობაზე. გაიგზავნა მიმართვა, შესაბამისად, მიმართული გვაქვს, დანარჩენი უკვე პროცედურაა. როგორც კი მოხდა პატიმრობსი შეფარდება, მაშინვე მოხდა პროცედურების გატარება. რაც შეეხება ინტერპოლი როდის გამოაცხადებს ძებნას და როგორ გამოაცხადებს, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ.
სად არის ოფიციალურად ფარცხალაძე, ამის შესახებ საქმეში რაიმე ინფორმაციაც არ არის, რომ რუსეთშია, გარდა იმისა, რასაც ადვოკატები აცხადებენ", - ამბობს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
სად არის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე? - აამ კითხვას არ პასუხობს, არც ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
ის მშვიდობისთვის იბრძვის, ეს ხუმრობით, ჩვნე გავაკეთებთ ყოველთვის სამართლებრივ კომენტრს. ამდენად ასეთი კითხვები არ არის მიმართული სამართლებრივი მიმართულებით. ჩვენ ვართ ადვოკატები. ჩვენი მიზანია, რომ უდანაშაულო ადამიანების ინტერესები დავიცვათ. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებირივ კითხვა, რომელიც მიემართება ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობასა თუ შესაძლო დამნაშავეობას, ჩვენ მზად ვართ თითოეულ კითხვას გავცეთ პასუხი. აქვე გეტყვით, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, თქვენ და საზოგადოებას გპირდებით, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ აუცილებლად გამოვა გამამართლებელი განაჩენი. რაც შეეხება იმის თქმას, სად არის - და ეს ირონიით ნათქვამი, "ომშია თუ მშვიდობისთვის იბრძვის" ეს არის ის პოლიტიკური თემა, რომლელზეც მხოლოდ და მხოლოდ უნდა მიმართოთ სხვა ადრესატს. ეს სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს". - ამბობს გაგი მოსიაშვილი.
ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
- ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.