რუსთაველის რეაბილიტაციის გამო 1 სექტემბრიდან მოძრაობის სქემა იცვლება

26.08.26 12:08
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო 1 სექტემბრიდან მოძრაობის სქემა იცვლება

 

 

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელი სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობის დროებით სქემას ცვლის. ცვლილებები გამზირის მიმდებარე რამდენიმე ქუჩას შეეხება — ნაწილზე მოძრაობა ორმხრივი გახდება, ზოგიერთ მონაკვეთზე კი მიმართულება შეიცვლება. მერიამ თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მისასვლელად ორი ალტერნატიული მარშრუტიც შეიმუშავა.

კახა კალაძის განცხადებით, ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მძღოლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შესაბამისი ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებთან ერთად ტელევიზიითაც გავრცელდება.

1-ელი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი გახდება. ორმხრივი მოძრაობა დაიშვება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც — ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე. ჟვანიას ქუჩაზე კი 9 აპრილის ქუჩიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩამდე ავტომობილები ორივე მიმართულებით იმოძრავებენ, ხოლო ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთი ცალმხრივი დარჩება.

ბესიკის ქუჩაზე, ჟვანიას ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე, მოძრაობა ცალმხრივი იქნება. იგივე რეჟიმი იმოქმედებს შევჩენკოს ქუჩაზე — ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით.

ლერმონტოვის ქუჩა კვლავ ცალმხრივი რჩება, თუმცა მოძრაობის მიმართულება იცვლება — ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის გავლით მძღოლები შალვა დადიანის ქუჩაზე შეძლებენ გადასვლას.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მისასვლელად ორი ძირითადი მარშრუტი განისაზღვრა. პირველი თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ კი ჟვანიას, ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს უკავშირდება. მეორე მარშრუტით მძღოლები ჭონქაძის ან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩაზე გადავლენ და არსენას ქუჩის გავლით ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს დაუკავშირდებიან.

შევჩენკოს ქუჩიდან უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით, შემდეგ კი ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებიდან — ლერმონტოვის, დადიანის ქუჩებისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა კი 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

კალაძის განცხადებით, რუსთაველის რეაბილიტაციის ფარგლებში პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, რის გამოც სამუშაოებს ხმაური, მტვერი და გადაადგილების შეფერხება ახლავს. მერი მოსახლეობას ნოემბრის ბოლომდე მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირი „საუკეთესო პროექტი იქნება, რომლითაც ყველა იამაყებს“.

მსგავსი სიახლეები