ხალხის ძარცვის ახალი სქემა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მთელი ფული არ დაკარგონ

26.08.26 12:30
ხალხის ძარცვის ახალი სქემა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მთელი ფული არ დაკარგონ

 

 

ხალხის ძარცვის ახალი სქემა - ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებულია კამპანიები, რომლებიც მოქალაქეებს კრიპტო აქტივებში თანხის დაბანდებით თუ ვაჭრობაში ინვესტირებით დიდ ამონაგებს ჰპირდება.

გზირიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მოდელი შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანი არა თანხის მოგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ახალი წევრების მოზიდვაა.

მისივე თქმით, სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები.

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მოგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მიმზიდველი საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში მომხმარებელმა არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და გულდასმით აწონ-დაწონოს შესაძლო რისკები.

„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. მოიძიეთ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არამხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის ისტორიებისა და ამის მიზეზების შესახებ”, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.