უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან შეეძლებათ

26.08.26 13:51
უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან შეეძლებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება და კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც ეროვნული გამოცდების ბარიერი გადალახეს, თუმცა უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია ასევე შეეძლებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ იმის გამო, რომ შესაბამისი პროფესიული პროგრამა წინასწარ არ ჰქონდათ არჩეული.

მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად აპლიკანტებს NAEC-ის ტესტირების გავლა დასჭირდებათ, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებზე კანდიდატების შერჩევას თავად სასწავლებლები ჩაატარებენ.

„წელს იყო გამონაკლისი და ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ერთი საგნით მოხვედრილიყო ადამიანი პროფესიულ პროგრამაზე. იმ შემთხვევაში თუ [აბიტურიენტს] გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ მაინც არ აირჩია პროფესიული პროგრამა და დარჩა პროფესიული განათლების მიღმა, ჩვენ 21 სექტემბრიდან დავიწყებთ რეგისტრაციას ჩვეულებრივი, სტანდარტული მიდგომით, რომელიც პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად ხორციელდება. მეხუთე დონის პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირებაა საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის არის დაწესებულებების შიდა შერჩევა. ანუ ამ ადამიანებს შეუძლიათ, რომ 21 სექტემბრიდან იყვნენ ყურადღებით VET.GE-ზე გამოცხადება რეგისტრაცია, შეეძლებათ აირჩიონ პროგრამა და დარეგისტრირდნენ“,- განაცხადეს სამინისტროში.

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 3 141 აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 1 322 სახელმწიფო, ხოლო 1 819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.