ბრალდება არ არის დაინტერესებული, რა მანქანით შევიდა სუს-ის შენობაში მიქაუტაძე - ლილუაშვილის ადვოკატი

27.08.26 18:25
ბრალდება არ არის დაინტერესებული, რა მანქანით შევიდა სუს-ის შენობაში მიქაუტაძე - ლილუაშვილის ადვოკატი

სუს-ის ექს-შეფის საქმეზე დღეს სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრები დაიკითხნენ - როგორც პროცესის დასრულების შემდეგ დაპატიმრებული ყოფილი მაღალაჩინოსნის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განაცხადა, მოწმეებმა დაადასტურებს, რომ რომეო მიქაუტაძე სუს-ის შენობაში, მითუმეტეს 15 კგ.-იანი ხელჩანთით არ უნახავთ.

უფლებადამცველის თქმით, ბრალდება არ არის დაინტერესებული, რა მანქანით შევიდა სუს-ის შენობაში მიქაუტაძე. როგორც ლანა ცერცვაძემ განაცხადა, ეს შუამდგომლობა დღეს სხდომაზე არ დაკმაყოფილდა. 

"ეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავის დროზე რომ მოეპოვებინა, დღეს, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებულის სკამზე არ გვეყოლებოდა" - ამბობს უფლებადამცველი. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხნენ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. კერძოდ, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები, რომლებიც იცნობდნენ ყველა მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის იცნობდნენ და იცოდნენ ვინ იყო რომეო მიქაუტაძე და რა პოზიციის მატარებელი იყო. აღნიშნულმა პირებმა ცალსახად გამოკვეთეს, რომ არასდროს უნახავთ აღნიშნული პირი ანუ რომეო მიქაუტაძე მოსული ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან პირადად მისული და მის კაბინეტში. უფრო მეტიც, ამ მოწმეებმა ისაუბრეს წესზე, თუ როგორ ხდება გარკვეული ნივთების, საგნების შემოწმება და გარდა ამისა, განმარტეს, რომ არანაირი ნივთი, მით უმეტეს, ხელბარგი, რომელიც 15 კგ ტევადობის უნდა ყოფილიყო, როგორც რომეო მიქაუტაძე განმარტავს, ფიზიკურად არ შედიოდა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი მოწმის, კომპანია „მაგთის“ წარმომადგენლის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ანძები, რომელიც მოპოვებული ჰქონდა ბრალდების მხარეს, ეს ანძა არ ნიშნავს იმას და ვერ დაადასტურებს იმას, რომ თითქოს, რომეო მიქაუტაძე იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ადმინისტრაციულ შენობაში.

ასევე არ არის ბრალდება დაინტერესებულ იმ ინფორმაციის გაჟღერებით, რომ კონკრეტულად რა მანქანით შევიდა სუს-ის შენობაში რომეო მიქაუტაძე. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავის დროზე, რომ მოეპოვებინა, დღეს, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებულის სკამზე არ გვეყოლებოდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.