პატიმრობიდან გათავისუფლებული თორნიკე მჭედლიშვილი: ჩუმად მივედი სახლში, მეყვავილემ ყვავილი მაჩუქა და ცოლს მარიამობა მივულოცე

28.08.26 13:05
პატიმრობიდან გათავისუფლებული თორნიკე მჭედლიშვილი: ჩუმად მივედი სახლში, მეყვავილემ ყვავილი მაჩუქა და ცოლს მარიამობა მივულოცე

 

 

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული და პატიმრობიდან გათავისუფლებული თორნიკე მჭედლიშვილი "პირველ" ინტერვიუს "პირველებს" აძლევს - სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პირველი რაც გააკეთა, ეს ცოლის გახარება იყო. მისი თქმით, მეუღლეს სახლში შუაღამისას მეყვავილის ნაჩუქარი ყვავილებით მიაკითხა და მარიამობა მიულოცა.  

უცებ, მართლა რომ არ ველოდებოდი, მითხრეს სახლში მიდიხარო. აი ესე გამომიყვანეს და სინდისის პატიმრებს შევხდი. ვინც გამოგვიშვეს ყველა ერთად ვიყავით. ცოტა რთული მომენტია, შენ რომ გამოდიხარ და ბიჭები შიგნით რჩებიან. კარგი ხალხი არიან. ძაან ჩუმად მივედი სახლში, დაჟე ჟურნალისტები რომ იყვნენ, მაქსიმალურად თვალი ავარიდე. ჩუმად გავედი, მეთქი ჩემებმა არ გაიგონ-თქო. ჩუმად მივედი სახლში, ჩემს მეუღლეს მარიამი ჰქვია და კარგი მარიამობა მივულოცე თან. გზაში ყვავილი ვიყიდე, ბაბუ მეთქი მომე ერთი ცალი, უფასოდ მომცა მეყვავილემ და მივედი. იქ ციხეში დარჩენილებს მინდა ვუთხრა, გამოიყენონ ყველა შანსი, რისი საშუალებაც აქვთ , რაც ღირსებას არ შელახავს. ჩემი აზრით, თუ რამე შანსი არსებობს, უნდა გამოიყენო".  - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი. 

ცნობისთვის, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით - თორნიკე მჭედლიშვილს  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

მსგავსი სიახლეები