თამთა მიქელაძე: დაურ ბუავა ბევრ მუქარას იღებდა - შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს

28.08.26 13:36
თამთა მიქელაძე: დაურ ბუავა ბევრ მუქარას იღებდა - შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს

დაურ ბუავა, მისი პოზიციების გამო, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე წერს, რითაც აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებას ეხმაურება.

თამთა მიქელაძის თქმით, ახლა გამოძიებამ დროულად უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი.

„დღეს გავიგეთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ძალიან მძიმე ამბავია და ძალიან ვწუხვარ. დაურს ვიცნობდი და ახალი ცხოვრების დაწყების დიდი სურვილი და ენერგია ჰქონდა.

არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი. როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს.

ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას,“ - წერს მიქელაძე.

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს -  გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში  აღმოაჩინა.  

გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ნაქირავებ ბინაში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია. 

მსგავსი სიახლეები