"9 დემონსტრანტის გათავისუფლება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის“ - Amnesty International შეწყალებაზე

29.08.26 10:16
"9 დემონსტრანტის გათავისუფლება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის“ - Amnesty International შეწყალებაზე

Amnesty International კრიტიკული განცხადებით ეხმიანება იმ ცხრა პატიმრის შეწყალებას, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი "სინდისის პატიმრებად" მოიხსენიებს. 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ პატიმრების შეწყალება მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ რაც მოხდა ეს მართლმსაჯულება არ არის.

„ცხრა დემონსტრანტის გათავისუფლება მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიხარულო ამბავია და ამას მივესალმებით, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის“, - განაცხადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციია მკაფიოდ ეუბნება ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის ლიდერებს, რომ დემონსტრანტების დაკავება თავიდანვე უკანონო ქმედება იყო, ახლა კი საჭიროა რომ დაუყოვნებლივ შეწყედეს ყველა ასეთი პატიმრის წინააღმდეგ დევნა, ისინი ციხეებიდან გაუშვან და დაიწყოს ნამდვილი მოძალადეების გამოვლენა და მათი დასჯა -  საუბარია სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე და ხალხის მიმართ არა ადამიაურ მოპყრობაზე.

"ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის გამო, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ უნდა გათავისუფლდეს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა დარღვევების შესახებ ყველა განცხადება დამოუკიდებლად და ეფექტიანად იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - თქვა კრივოშეევმა.

ორგანიზაციის განცხადებით, დემონსტრანტების სასამართლო პროცესები, რომლებსაც Amnesty International-ის წარმომადგენლები და ადგილობრივი უფლებადამცველები აკვირდებოდნენ, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის არიან ცხრა დემონსტრანტი, რომლებიც 2024-2025 წლებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს. ესენია:

  • საბა ჯიქია
  • დავით ხომერიკი
  • თორნიკე მჭედლიშვილი
  • ფრიდონ ბუბუტეიშვილი
  • დანიელ მუმლაძე
  • გურამ ხუტაშვილი
  • ავთანდილ თოფჩიშვილი
  • სიმონ მახარაძე
  • დენის კულანინი