Politico: გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.
Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ნაკადის ზრდა შესაძლო მობილიზაციის შიშებს უკავშირდება.
- ლარსის გამშვები პუნქტი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაიტვირთა. პირველად მაშინ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მეორედ კი - ვლადიმირ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების დროს.
როგორც ცნობილია, კრემლმა ბოლო თვეებში სამხედრო სამსახურში გაწვევის აგრესიული მეთოდები გაააქტიურა, რეზერვისტების მონაცემთა ბაზების განახლება დააჩქარა და ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებები გააფართოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი წლის ბოლომდე 300 000 ადამიანის სწრაფი მობილიზაციისთვის ემზადება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური მოსკოვი მობილიზაციის შესახებ ცნობებს უარყოფს. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მასობრივი მობილიზაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა.