საქალაქოში დენის კულანინის პროცესი იწყება - სასამართლო მის პატიმრობასა და რუსეთში გაძევებაზე იმსჯელებს

30.08.26 11:23
საქალაქოში დენის კულანინის პროცესი იწყება - სასამართლო მის პატიმრობასა და რუსეთში გაძევებაზე იმსჯელებს

საქალაქო სასმართლოში ყაველაშვილის მიერ შეწყალებული დენის კულანინის პროცესი იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ აქტივისტის მეგობრები და ახლობლები. 

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, გაუხანგრძლივებენ თუ არა კულანინს პატიმრობას, ვიდრე მას რუსეთში გააძევებენ. 

აქტივისტის ადვოკატი გეგმავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოითხოვოს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, კულანინის პატიმრობაში გაშვების გარემოება არ არსებობს, რის შემდეგაც მისი ქვეყნიდან გაძევების ბედი უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, კულანინი თანხმობას აცხადებს, რომ ნებაყოფლობით დატოვებს ქვეყანას.

ინტერესების დამცველი ასევე ამბობს, რომ პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტს რუსეთში საფრთხე ემუქრება.

საპროტესტო აქციის შემდეგ იქნა დაკავებული. ედავებოდნენ პოლიციის ავტომობილის მინის დაზიანებას და მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამოვიდა თუ არა შეწყალებით 27 აგვისტოს, მოხდა მისი პირდაპირ დაკავება და გადაყვანა ემიგრაციის დეპარტამენტში, თუმცა აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ "იმედის" ქარდის შედეგად, მანამდე ჩემთან არავის დაურეკავს, იმიტომ, რომ მე მასთან ხშირად შევდიოდი ციხეში, მის ინტერესებს წარმოვადგენდი, მე დავუწერე საჩივარი უზენაეს სასამართლოში. ასევე, თავშესაფრის თხოვნით როდესაც მივმართეთ სასამართლოს ადმინისტრაციული წესით, მაშინაც მის ინტერესებს წარმოვადგენდი. სამწუხაროდ, "იმედის" ქარდით გავიგეთ და მერე დაგვჭირდა მოძიება იმის, თუ სად ჰყავდათ გადაყვანილი.

როგორც მოგახსენეთ, რამდენჯერმე გამოაგზავნა წერილი ციხიდან, სადაც მხარდაჭერაც გამოუხატავს უკრაინის მიმართ, მანამდეც ადმინისტრაციულ სახდელდადებული იყო რუსეთში. მისი განცხადებით, ის იყო ნავალნის პარტიის წევრი, შესაბამისად, ყველასთვის ცნობილია რუსეთში არსებული დღევანდელი მდგომარეობა, თუნდაც ოპოზიციური პარტიების და აქტივისტებთან მიმართებაში როგორი მიდგომაა. დაკავების შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია რა მდგომარეობაში იქნება ის უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ამბობს ადვოკატი.

აღსანიშნავია, რომ დენის კულანინი საემიგრაციო პატიმრობაშია და უკვე მეორე დღეა შიმშილობს.  

  • ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები