ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს სცემეს

30.08.26 13:28
ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებს სცემეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა - ინციდენტი რიწის ტბასთან, კაფე „გროტში“ მოხდა. დაზარალებულთა მონაყოლით, მათ ადგილობრივი ექსკურსიის მძღოლები და კვების ობიექტის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა.

ტურისტების ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ უძღოდა უთანხმოება ექსკურსიის დამატებით საფასურზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა მათგანმა კაფეში საკვების ხარისხიც გააპროტესტა. ანგარიშის გადახდის შემდეგ ერთ-ერთ ტურისტს მძღოლმა სახეში დაარტყა, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.

თავდასხმის შედეგად ერთ მამაკაცს ყბა აქვს მოტეხილი, დანარჩენებს კი ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, ნაკაწრები და ჭრილობები აღენიშნებათ. ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ ქალები და რვა წლის ბავშვიც.

დაზარალებულები ადგილობრივ პოლიციას უმოქმედობაშიც ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, თუმცა თავდასხმა მათი თანდასწრებითაც გაგრძელდა. რუსი ტურისტები ასევე ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელთა ჯგუფიდან ისმოდა ეროვნულ ნიადაგზე შეურაცხმყოფელი შეძახილები, მათ შორის - „მოკალით რუსები“.

დაზარალებულები სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები