ავარია სტავროპოლის მხარეში - „პირველებმა“ თბილის-მოსკოვის რეისის მძღოლის ვინაობა დაადგინა
„პირველებმა“ დაადგინა იმ მძღოლის ვინაობა, რომელიც საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსით რუსეთის ტერიტორიაზე უმძიმეს ავარიაში მოჰყვა. ჩვენი ინფორმაციით, საჭესთან აკაკი თოფაძე იმყოფებოდა - ახალგაზრდა მამაკაცი რეისზე მამის ნაცვლად წავიდა. ავტობუსში 43 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსულ მედიაში ამ დროისთვის მძღოლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილობრივი საგზაო პოლიციის წინასწარი ვერსიით, „Setra“-ს მარკის ავტობუსი სტავროპოლის მხარეში, ფედერალურ გზატკეცილ „კავკაზზე“, წინ მიმავალ „კამაზს“ შეეჯახა და შემდეგ გზიდან გადავიდა. უწყება მიზეზად უსაფრთხო დისტანციის დაუცველობასა და შეუსაბამო სიჩქარეს ასახელებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ტრაგედიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - ხუთი ადგილზე დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავებული კი მოგვიანებით რეანიმაციაში გარდაიცვალა. საავადმყოფოში 28 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 11 ბავშვი. ოთხი დაშავებული რეანიმაციაში რჩება.
შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ავარიის ზუსტი გარემოებები დგინდება.