სამხარაულის ბიურომ აუდიოჩანაწერებისა და ხმის ანალიზის რუსული პროგრამა შეიძინა - მკვლევრები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენ
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ რუსეთისგან აუდიოჩანაწერის გაშიფვრისა და ხმის ავთენტურობის დამადგენელი პროგრამა შეიძინა. საუბარია ოკუპანტ ქვეყანაში ლიცენზირებულ პროგრამაზე, რომელშიც უწყებამ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა.
მკვლევარების განცხადებით, დამატებით რისკებს აჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვაც - უწყებამ თითის ანაბეჭდების ამომცნობი სისტემა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, ბელარუსისგან შეიძინა.
მკვლევარები ახლა მთავარ კითხვას სვამენ - რამდენად დაცულია საქართველოს მოქალაქეების პერსონალური და ბიომეტრიული მონაცემები და არსებობს თუ არა მათი რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩენის საფრთხე.
ეს არის რუსული პროგრამა. მას აქვს სერტიფიცირება გავლილი რუსეთში და რუსული ხელისუფლების გათვალისწინებით, ყველა ასეთი კომპანიები დაკავშორებულები არიან ეფ ეს ბესთან. ზუსტად ანალოგიური პროგრამა შეიძინა ასევე შსს-ს ექსპერტიზის ბიურომ. ახლა უკვე საქართველოში ორივე ექსპერტიზა, როგორც შსს-ს, ასევე სამხარაულის ექსპერტიზა, ჩაატარებენ რუსული პროგრამით, როდესაც ასეთივე ამომცნობი და საექსპერტო პროგრამა აქვს აშშ-ს, აქვს ასევე იტალიასაც, მოკლედ ნატოს წევრ ყველა ქვეყანას აქვს ასეთი პროგრმები, ამაზე უკეთესი ხარისხის პრგრამები.თუ რუსეთთან არ თანამშრომლობ, მაშინ რატომ უნდა შეიძინო რუსული პროგრამა, რომელიც არის რეგისტრირებული რუსეთში?, - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.
მკვლევარი პაატა დავითაია კი რუსული პროგრამების სახელმწიფო უწყებებში გამოყენებას უკვე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ აფასებს და არ გამორიცხავს, რომ მათში სპეცსამსახურებისთვის მონაცემებზე წვდომის მექანიზმიც იყოს ჩაშენებული.
ნებისმიერ რუსულ პროგრამაში ნებისმიერი ექსპერტიზაში ყოველთვის შეიძლება იყოს ფარულად რაღაც ალგორითმი შესული, რომელიც ზურუნველყოფს რუსულ სპეცსამსახურებს წვდომას ამა თუ იმ მასალაზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება რუსული პროგრამების შეძენა, როდესაც ჩვენი პარტნიორების, აშშ-ს, ევროკავშირს, ისრაელს უფრო მეტად მაღალი დონის პროგრამები გააჩნია და რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რუსული. ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან ხდება შეძენა და არის რუსული, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, - ამბობს პაატა დავითაია.