ზუგდიდში აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაზი ისევ ჟონავს - არსებობს ხანძრის ხელახლა გაჩენის საფრთხე
ზუგდიდში, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილს ამ დრომდე ვერ ტოვებენ. დამწვარ ობიექტზე გაზის გაჟონვა გრძელდება, რის გამოც ცეცხლის ხელახლა გაჩენის საფრთხე არსებობს.
ძლიერი აფეთქების ხმა სამეგრელოში დაახლოებით 17:00 საათზე გაისმა. ერთ-ერთი ვერსიით, გაზგასამართ სადგურზე ტექნიკური მოწყობილობები კუსტარულად იყო დამონტაჟებული, თუმცა აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობები და ავტომობილები დააზიანა. განადგურებულია ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის მეპატრონეც მესამე ხარისხის დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული.
შემთხვევის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი და ქვეითი. კიდევ ერთი დაშავებული ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ.
ადგილობრივები "პირველებთან" მომხდარის შესახებ ყვებიან.
იქ ხომ ცისტერნა იყო გაზის და ამ ცისტერნას მოეკიდა ჯერ, ეს აფეთქდა და მერე მანქანა ტენიდა ქარს და მერე მანქანა აფეთქდა. ანაკლიაში გაუგონიათ, იმხელა ხმა ჰქონდა. მამიდაჩემის სახლში ჩარჩოიანად არის გატანილი ფანჯრები, ხეებია გადამწვარი. ასეთი სასწაული მე არ მინახავს. ხალხი გარეთ გასულა, პირველი აფეთქების მერე ჩაწყნარდაო, იფიქრეს და გარეთ რომ გავიდნენ, მეორე აფეთქდა და ცეცხლი მოდიოდა და ეცემოდა ადამიანებს, ჩემს მამიდაშვილს თავი და ზურგი აქვს დამწვარი. ხანძარი გაუგია კაცს, მაგრამ ასეთი?!, - ყვება "პირველებთან" ადგილობრივი.
ვრცლად ნახეთ დავით სორდიას რეპორტაჟში.