მუხრანში მოსახლეობა წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და გზების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

30.08.26 20:48
მუხრანში მოსახლეობა წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და გზების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაა - მათი თქმით, სოფელში წლებია პრობლემურია წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.

მოსახლეობა ამბობს, რომ 24 საათიანი წყალმომარაგების დაპირება ფუჭი აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით, არის დღეები, როდესაც სოფელს წყალი საერთოდ არ მიეწოდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის შეწყვეტის მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. რამდენიმე თვის წინ ადგილობრივებმა პრობლემის გამო ხელმოწერებიც შეაგროვეს და პრეტენზიით სემეკს მიმართეს. მოსახლეობის თქმით, მათ განუმარტეს, რომ წყლის ხშირი შეზღუდვა გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება და წყლის დაზოგვა ურჩიეს.

მუხრანში კიდევ ერთი მწვავე პრობლემა მოუწესრიგებელი გზებია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს ტურისტები ხშირად სტუმრობენ და „შატო მუხრანსაც“ ყოველდღიურად არაერთი ვიზიტორი ჰყავს, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მათ დაზიანებულ და უსწორმასწორო გზებზე გადაადგილება უწევთ.

ადგილობრივების თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში რთულდება - გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება და პრობლემები ექმნებათ როგორც ადგილობრივებს, ისე მძღოლებსა და სოფელში ჩასულ სტუმრებს.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები