რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს მოსამართლისთვის? - უკრაინის მოქალაქეს დაახლოებით საათ-ნახევარში თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
პროკურატურა ახალგაზრდა ქალისთვის პატიმრობას მოითხოვს. გამოძიება მას განსაცდელში მიტოვებას ედავება - გამოძიების ვერსიით, ქალმა აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა მძიმე მდგომარეობაში დატოვა და მის დასახმარებლად შესაბამის სამსახურებს არ მიმართა.
ამ ფონზე, ბუავას ოჯახის ინტერესების დამცველები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებისა და ექსპერტიზის ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ბლოგერის გარდაცვალება ნარკოტიკული ნივთიერებისა და ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.
ადვოკატები საქმის მასალების სრულად გასაჯაროებას და, მათ შორის, არსებული ვიდეოჩანაწერის სრული ვერსიის გადაცემას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ჩანაწერმა შესაძლოა პასუხი გასცეს კითხვებს, რა მოხდა ბუავას გარდაცვალებამდე და იყვნენ თუ არა შემთხვევის ადგილზე სხვა პირებიც.
შევხვდით გამომძიებელს, დავაყენეთ შუამდგომლობა იმ საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია დაზარალებულის ინტერესების დასაცავად. თუმცა, გამოძიება ამ ეტაპზე არ გადმოგვცემს საქმის მასალებს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში, ჯერჯერობით, გარდაცვლილი დაურ ბუავა არ არის დაზარალებულად ცნობილი, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული მისი უფლებამონაცვლე.
ამ ვიდეოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით ჯერ ეს ვიდეოები დაჭრილი ხომ არ არის, მონტაჟის კვალი ხომ არ აქვს, ჩვენ სრულად ეს ვიდეოები არ გვინახავს. შესაბამისად, ფრაგმენტული სახით ამოჭრილ ვიდეოებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ეს შუამდგომლობაც დავაყენეთ და რომელი მუხლით უნდა განისაზღვროს კვალიფიკაცია, ეს უკვე გამოძიებამ დაადგინოს მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, - ამბობს ადვოკატი.
დაურ ბუავას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში რჩება. საქმეზე სულ 3 პირია დაკავებული.
გამორიცხული არ არის, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს.