თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება

31.08.26 11:45
თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება

“ქართული ოცნება” თანამდებობას, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შექმნის - განცხადება ამის შესახეებ შალვა პაპუაშვილმა დღეს 31 აგვისტოს პარლამენტში გააკეთა. 

უფრო კონკრეტულად "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რომელიც თავის დროზე სწორედ მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა.

  • ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - შესაბამისად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.

ასევე გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა;  [გადადგომამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა].

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, გუნდში მსჯელობენ რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.  

რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 2 აპრილს მას შემდეგ რაც სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გადადგა, "ქართულ ოცნებაში" ითქვა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფოდა; ლილუაშვილი კი რეგიონული განვითარების მინისტრი უნდა გამხდარიყო. 

ამ ანონსიდან რამდენიმე თვეში,  2025 წლის 23 დეკემბერს, გრიგოლ ლილუაშვილს ხელბორკილები დაადეს. სუს-ის ექს ხელმძღვანელს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. სასამართლო განხილვები რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს.

ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს რევაზ სოხაძე იკავებს. 

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები