“სამძიმარზეც იმყოფებოდა” - ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით პენსიონერის მეზობელი დააკავეს

01.09.26 10:06
“სამძიმარზეც იმყოფებოდა” - ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით პენსიონერის მეზობელი დააკავეს

"პირველების" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მოკლული 63 წლის ქალის, ნარგული ზოიძის მეზობელი დააკავეს. 

კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, პენსიონერი დააყაჩაღა და შემდეგ  ყელი გამოჭრა, წუხელ დააკავეს. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ამ დღეების განმავლობაში "იქვე ტრიალებდა და სამძიმარზეც იმყოფებოდა".

ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფელ ნასაკირალში სასტიკი მკვლელობა 28 აგვისტოს მოხდა - ოჯახის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, უმძიმესი დანაშაული ფულის გამო მოხდა.

ირკვევა, რომ მარგო ზოიძე მკვლელობის ღამეს სახლში მარტო იყო.