სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან იწყება - სად და როგორ შეძლებენ მშობლები უნიფორმის შეძენას

01.09.26 10:10
სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან იწყება - სად და როგორ შეძლებენ მშობლები უნიფორმის შეძენას

საჯარო სკოლების პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან იწყება. მშობლებს უნიფორმის შეძენა როგორც სპეციალურად გახსნილ სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით შეეძლებათ.

ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების გასაყიდად 84 პუნქტია გახსნილი, რომლებიც ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს. ადგილზე ფორმების შეძენა 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, 15 სექტემბრიდან კი გაყიდვა მხოლოდ ონლაინ გაგრძელდება.

სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე მშობლებს შეუძლიათ გაეცნონ ფორმების მოდელებს, ზომებსა და ფასებს, ასევე ნახონ სარეალიზაციო პუნქტების მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია. ონლაინ შეძენილი ფორმის მითითებულ მისამართზე მიტანას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.

2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმის ტარების ახალი წესი ამოქმედდება. სოციალურად დაუცველი და კანონით განსაზღვრული სხვა კატეგორიის მოსწავლეები ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ.