პატიმრების რაოდენობა იზრდება - ციხეები დადგენილ ლიმიტებს ვეღარ იტევს

01.09.26 11:21
პატიმრების რაოდენობა იზრდება - ციხეები დადგენილ ლიმიტებს ვეღარ იტევს

2026 წლის ივლისში საქართველოში პატიმრების რაოდენობაც გაიზარდა და პენიტენციურ დაწესებულებებში მათი განთავსებისთვის განსაზღვრული ლიმიტიც. საქსტატის მონაცემებით, ივლისში ქვეყნის ციხეებში 12 440 პატიმარი იმყოფებოდა. ივნისთან შედარებით მათი რაოდენობა 108-ით გაიზარდა - წინა თვეში ეს მაჩვენებელი 12 332-ს შეადგენდა.

პატიმრების რაოდენობა გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ივლისის განმავლობაში 815-მა პირმა პენიტენციური დაწესებულება სხვადასხვა საფუძვლით დატოვა.

ამავე პერიოდში გაიზარდა ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების ოფიციალური ტევადობაც. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 15 ივლისს გამოცემული ბრძანებით №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი 216 ადგილით გაზარდა - 1 388-დან 1 604-მდე. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

მიუხედავად ლიმიტის გაზრდისა, ივლისში რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობა განსაზღვრულ მაქსიმუმს კვლავ აღემატებოდა. №8 დაწესებულებაში ლიმიტზე 32%-ით მეტი პატიმარი იყო, №2-ში - 29%-ით მეტი, №15 დაწესებულებაში - 35%-ით მეტი, ხოლო №17 დაწესებულებაში - დაახლოებით 1.5%-ით მეტი.

რატომ იზრდება პატიმრების რაოდენობასთან ერთად ციხეების ლიმიტიც და როგორ აღმოჩნდა, რომ №15 დაწესებულებაში ერთ დღეში 216 დამატებითი ადგილის გამოყოფა გახდა შესაძლებელი - საქსტატის მონაცემებსა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე აფასებს.

იქიდან გამომდინარე, რომ რიცხვები ლიმიტს სცდებოდა, ივლისის შუა რიცხვებში პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება და ქსნის ციხეს ლიმიტი გაუზარდა და ამით ცდილობენ, რომ ეს გადატვირთული ციხეები თითქოს პატიმართა საერთო ლიმიტის ფარგლებშია, ამ შემთხვევაში, შესაბამისი. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია იმას, რატომ ეტეოდა 200-ზე მეტი პატიმრით ნაკლებით 15 ივლისამდე და როგორ ეტევა 15 ივლისის შემდგომ 200-ზე მეტი პატიმარი ქსნის ციხეში. ჩვენ ვხედავთ, რომ დაახლოებით 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული ივლისის ჩათვლით დაახლოებით 45%-იანი მატება აქვს ქართულ ციხეებს პატიმართა საერთო რაოდენობას და ვხედავთ იმას, რომ 4 ციხე გვაქვს, სადაც იმაზე მეტი პატიმარი ზის, ვიდრე ლიმიტით არის დადგენილი გლდანის ციხე, ქუთაისის N 2 ციხე, რუსთავის მე-17 დაწესებულება, რომელმაც ასევე გადაამეტა ლიმიტს და მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტი გაუზრდაეს ქსნის ციხეს, მაინც 35%-ით მეტი პატიმარი ზის, ვიდრე ფურცელზე ლიმიტია დადგენილი, - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე.

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების რაოდენობის ზრდას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე. მისი შეფასებით, ციხეების ლიმიტების გაზრდის მიუხედავად, არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ პატიმართა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. 

ყველა ავტორიტარული რეჟიმის დამახასიათებელია, რომ საკუთარი არსებობის და მმართველობის ბოლო პერიოდში ციხეები არის გადავსებული. ეს ემართება, მათ შორის, "ქართული ოცნების" რეჟიმსაც. ბოლო პერიოდის განმავლობაში ციხეები გადაივსო, გაზარდეს ლიმიტი, მაგრამ კიდევ ერთხელ გადააბიჯეს ამ ახალ დაწესებულ ლიმიტს, რა პირობებშიც ციხეებში არის მძიმე მდგომარეობა და იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც "ქართულ ოცნებას", კობახიძეს და სხვებს აქვს, ამ პატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და იმ კორუფციის, იმ ძალადობის და იმ დევნის პირობებში, რასაც "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები აკეთებენ, ეს ციხეები ნამდვილად არ იქნება საკმარისი თავისივე რეჟიმის პირობებშიც კი. "ქართული ოცნების" რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ სწორედ იმიტომ ზრდიან საპატიმროების ლიმიტს, რომ ისევ ერთმანეთ დაიჭირონ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.