რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გადაადგილების სქემა შეიცვალა [ნახეთ მარშრუტი]

01.09.26 12:11
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გადაადგილების სქემა შეიცვალა [ნახეთ მარშრუტი]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან საავტომობილო გადაადგილების სქემა შეიცვალა. 

შეცვლილი სქემის მიხედვით, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა.

დღეიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი გახდება. ორმხრივი მოძრაობა დაიშვება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც — ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე. ჟვანიას ქუჩაზე კი 9 აპრილის ქუჩიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩამდე ავტომობილები ორივე მიმართულებით იმოძრავებენ, ხოლო ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთი ცალმხრივი დარჩება.

ბესიკის ქუჩაზე, ჟვანიას ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე, მოძრაობა ცალმხრივი იქნება. იგივე რეჟიმი იმოქმედებს შევჩენკოს ქუჩაზე — ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით.

ლერმონტოვის ქუჩა კვლავ ცალმხრივი რჩება, თუმცა მოძრაობის მიმართულება იცვლება — ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის გავლით მძღოლები შალვა დადიანის ქუჩაზე შეძლებენ გადასვლას.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მისასვლელად ორი ძირითადი მარშრუტი განისაზღვრა. პირველი თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ კი ჟვანიას, ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს უკავშირდება. მეორე მარშრუტით მძღოლები ჭონქაძის ან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩაზე გადავლენ და არსენას ქუჩის გავლით ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს დაუკავშირდებიან.

შევჩენკოს ქუჩიდან უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით, შემდეგ კი ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებიდან — ლერმონტოვის, დადიანის ქუჩებისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა კი 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები