„თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმეს - რას ედავებიან თამუნა ვარშალომიძის კომპანიას?
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა.
GCCA-ი წერს, რომ სააგენტომ საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა.
მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული.
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებული ჯარიმის ოდენობამ 3 ლარი შეადგინა.
კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს და, ამასთან, არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, შპს „თამოსკინისთვის“ დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა 600 ლარით განისაზღვრა.
ჯარიმის დაკისრება შპს „თამოსკინს“ სააგენტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს"- წერია განცხადებაში.