ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის მხილებას ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყებს - ადვოკატი
ელისო კილაძის საქმე - დაკავებული ჟურნალისტის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
ნათია კოტრიკაძე იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, რადგან მდინარაძემ ხელისუფლება უკვე დატოვა.
მისივე თქმით, ელისო კილაძე, ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყებს მდინარაძის მხილებას და ეს მოხდება მტკიცებულებების საფუძველზე და არა ისე, როგორც თავად ჟურნალისტი დააკავეს.
არის ვიდეომასალა, რომელიც თითქოს დაუდეს საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენისთვის ელისო კილაძეს, მაგრამ იმედები ძალიან დიდი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ბოსი, მამუკა მდინარაძემ დატოვა ხელისუფლება, რომ ვითომ დაიღალა დაიღალა იმით, რომ გააკეთა ამდენი სიბინძურე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელისო კილაძე უფრო მეტს იტყვის აღნიშნულ პიროვენბაზე, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, მან გააკეთა განცხადება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით და ზუსტად, ეს იყო საფუძველი, რომ ელისო კილაძე დაეკავებინათ იმ ფორით, რა ფორმითაც დააკავეს. ეს იყო მამუკა მდინარაძის შეკვეთა, რომელიც შესრულდა, თუმცა, ბოლომდე ვერ შეარსულეს, რადგან ჩამოსცილდა პოლიტიკას, - ამბობს ნათია კოტრიკაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ელისო კილაძე საჭირების შემთხვევაში მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ადვოკატი ამბობს:
მტკიცებულებები აქვს თუნდაც იმ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, შენახული აქვს. იგი გამოსვლისთანავე დაიწყებს მხილებას მდინარაძის მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც მდინარაძემ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა პირთა მიმართ, თუნდაც ლილუაშვილთან, ის სიბინძურეები, რაც მან იკადრა. ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს აღნიშნულ თემასა და ბრალდებასთან დაკავშირებით,- ამბობს ის.
ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.