მე დავიწყე, ღარიბაშვილმა დაამთავრა - სასამართლოზე ელისო კილაძემ მამუკა მდინარაძეზე ილაპარაკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ვიდრე მოსამართლე სხდომას დახურავდა დაკავებულმა ჟურნალისტმა სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა.
მან საკუთარი სიტყვა მამუკა მდინარაძის გადადგომაზე საუბრით დაიწყო და ის კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სისხლის სამართლის დანაშულში.
როგორც დაკავებულმა ჟურნალისტმა თქვა, ის არის პირადად მამუკა მდინარაძის პატიმარი და პოლიტიკური მართლმსაჯულება მის წინააღმდეგ სწორედ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მან მდინარაძე სისხლის სამართლის დამნაშვედ გამოაცხადა.
კილაძემ დაკავების დროინდელ დაზიანებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა არაერთი დალურჯება, იყო ნაცემი და ეს მაშინვე დააფიქსირა ციხეში შესვლამდე.
დაბარებული არ ვყოფილვარ გამოკითხვაზე, პრიდაპირ სპეცდანიშნულების რაზმით დამიჭირეს და როდესაც დამაკავეს, გამომძიებელს ვკითხე, რომელი დამნაშავე მე ვარ, არცერთი მაღალი თანამდებობის პირი ასე არ დაუჭერიათ. გასაგებია, პირველი დღიდან ვამბობდი, რომ მდინარაძეა დამკვეთი და მისი პირადი პატიმარი ვიყავი და გამომძიებელს ვკითხე, რატომ არ გამომკითხეთქო და მიპასუხა - მოემზადებოდი და იმიტომო. ნაცემი ვიყავი, მარჯვენა მხარე მთლიანად დალურჯებული და დაზიანებული მქონდა და პირველად ვამბობ ამას ახლა საჯაროდ. აღწერილია ეს, ციხეში როცა შემიყვანეს, ასევე კაპეზეზე. კადრში ჩანს, რომ ერთ ადგილას ვეცემი, ეს არის ტკივილისგან სიმწრის ჩაკეცვა, რადგან მარჯვენა მხარეს ყველაფერი დალურჯებული მქონდა, წარმოიდგინეთ, თბილი ქურთუკი მეცვა, შიგნით სვიტერი და მაინც დაკორტნილი მქონდა ხელები. გამომძებელი მოვიდა ციხეში თბილისის პროკურატურიდან, შემოისეირნა, გამომკითხა, დაზიანებები ვაჩვენე, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეაგირება არ იყო. იმედია, ახლა ყველა ხვდება, რომ მე დავიწყე და ღარიბაშვილმა დაამთავრა მდინარაძესთან დაკავშირებით, - განაცხადა ელისო კილაძემ.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
- ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
- „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
- ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
- კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.