დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებს ამ დროის მანძილზე დუმილი არ დაურღვევიათ.
პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, დაურ ბუავას და ვალერია კირლიუკს ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულმა გივი გუდაძემ მისცა.
გივი გუდაძის დაცვის მხარემ სასამართლოზე 20 ათას-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, როგორც ირკვევა, იგივე ნარკოტიკული საშუალება საბა ბოჭორიშვილმაც მიიღო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა, თუმცა ამის შესახებ დაურ ბუავა და ვალერია კირილიუკი არ გაუფრთხილებია და არავისთვის უცნობებია.
მათ თავადაც მიიღეს ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაურ ბუავამდე მივიდა და რომელიც მანაც მოიხმარა და ორივე ბრალდებული თავად აცხადებს ჩვენებებში, რომ გახდა ცუდად ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, თუმცა არცერთ მათგანს არ შეუტყობინებიათ ბუავასთვის.
ბრალდებული თვითონ აცხადებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იპოვა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ გამოძიებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს უშუალოდ საიდან იყო ნარკოტიკი. არა, არ აკონკრეტებს ადგილს სად იპოვა ნარკოტიკული საშუალება.
მათი სამუშაო ადგილი, კვების ობიექტზე მუშაობდა ორივე მათგანი, იქ გაიცნეს დაურ ბუავაც და იქიდან ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან ურთიერთობა," - ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
ადვოკატი, გიორგი მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ნარკოტიკული საშუალების დაურ ბუავასთვის გადაცემა საქმის მასალებით არ მტკიცდება.
არც საქმის მასალებით და არც არანაირად არ მტკიცდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გადასცა რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება გარდაცვლილს. უბრალოდ იცნობდა გარდაცვლილს, ამ ფაქტთან დაკავშირებით ზუსტად ამიტომ მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და ერთადერთი რაც საგამოძიებო სამსახურებმა აღმოაჩინეს მის სახლში, იყო 0,24 გრამი, ძალიან მცირე რაოდენობით, მარიხუანა გამომშრალი, რომელიც მას ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით და სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს მას ბრალი წარდგენილი. არავისთვის არაფერი არ გადაუცია," - ამბობს ადვოკატი.
მანამდე, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.