სიახლე: ჯარში გაწვევის ჩაუბარებელი უწყება საიტზე გამოქვეყნდება, მე-7 დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

01.09.26 17:07
სიახლე: ჯარში გაწვევის ჩაუბარებელი უწყება საიტზე გამოქვეყნდება, მე-7 დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" მთავრობის მიერ სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში შეტანილ ცვლილებებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

  • საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება.

ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელთან შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაზე ორი სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირი არ განხორციელდა, სააგენტოს შეეძლება, უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნოს.

გამოქვეყნებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, რის შემდეგაც პირს ეძლევა 10 კალენდარული დღე, რათა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადდეს.

იგივე წესი ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით გამოძახებაზეც.

ცვლილებებით განისაზღვრა, რომ სააგენტო წვევამდელის გამოძახებისას ხელმძღვანელობს მის მიერ საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემებით

ამასთან, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მას წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს ან მიღებაზე უარს განაცხადებს. უარის შემთხვევაში შესაბამისი აღნიშვნა კეთდება შეტყობინებაზე და ის სააგენტოს უბრუნდება.

მედიის ცნობით, ახალი დადგენილების მიხედვით, შეტყობინების ან უწყების ჩაბარება შესაძლებელია არა მხოლოდ რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, არამედ სამუშაო ადგილის ან სააგენტოსთვის ცნობილ ნებისმიერ სხვა მისამართზე.

გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებისას გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

ხოლო გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხუთი სამუშაო დღის ვადაში დგება და დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.