პროკურორის მტკიცებით, ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება თავადაც მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, თუმცა დამალეს
პროკურორი ამბობს, რომ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებმა, საბა ბოჭორიშვილმა და გივი გუდაძემ ნარკოტიკული საშუალება თავადაც მოიხმარეს, ცუდად გახდნენმ თუმცა ფაქტის შესახებ არავის შეატყობინეს.
შესაბამისი კითხვა დავით ყაზარაშვილმა დღეს სასამართლოზე დაკავებულებს დაუსვა, თუმცა დაკავებულებმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.
პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, დაურ ბუავას და ვალერია კირლიუკს ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულმა გივი გუდაძემ მისცა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, იგივე ნარკოტიკული საშუალება საბა ბოჭორიშვილმაც მიიღო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა, თუმცა პროკურორის თქმით, ამის შესახებ დაურ ბუავა და ვალერია კირილიუკი არ გაუფრთხილებია და არავისთვის უცნობებია.
მათ თავადაც მიიღეს ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაურ ბუავამდე მივიდა და რომელიც მანაც მოიხმარა და ორივე ბრალდებული თავად აცხადებს ჩვენებებში, რომ გახდა ცუდად ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, თუმცა არცერთ მათგანს არ შეუტყობინებიათ ბუავასთვის.
ბრალდებული თვითონ აცხადებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იპოვა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ გამოძიებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს უშუალოდ საიდან იყო ნარკოტიკი. არა, არ აკონკრეტებს ადგილს სად იპოვა ნარკოტიკული საშუალება.
მათი სამუშაო ადგილი, კვების ობიექტზე მუშაობდა ორივე მათგანი, იქ გაიცნეს დაურ ბუავაც და იქიდან ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან ურთიერთობა," - ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
რა ვიცით აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების შესახებ?
გამოძიება ამტკიცებს, რომ დაურ ბუავამ და ამჟამად დაკავებულმა ვალერია კირილიუკმა გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს.
საქმის მასალების მიხედვით, გუდაძის სახლიდან 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს პოლიციელებმა, რაც გამოძიების მტკიცებით, 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული.
საბა ბოჭორიშვილს რაც შეეხება, პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ უკანასკნელმა უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
რას ედავებიან გივი გუდაძეს?
- ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
- საბა ბოჭორიშვილს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარიდგინეს.
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულია ასევე უკრაინის მოქალაქე, ვალერია კირლიუკი, ქალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.