პირველი ინტერვიუ თამაზ ელიზბარაშვილის ცოლთან
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ცოლი, რომელიც ამ წუთებში ლისზე იმყოფება, „პირველებს“ დეტალურად უყვება იმ დღის შესახებ, რომლის გამოც, მისი მტკიცებით, ბიზნესმენს და მის ავტომანქანას ჩხრეკენ.
ანა სუჯაშვილის თქმით, 2 დღის წინ, ინციდენტის დროს რესტორანში ქმართან ერთად იმყოფებოდა და თავად შეესწრო, როგორ სთხოვდნენ ბოდიშის მოხდას უცნობი პირები რუსეთზე დაწერილი პოსტების გამო, რომლებიც ელიზბარაშვილის მეუღლის განცხადებით, “იმედის“ თანამშრომლებად გაეცნენ.
ვიყავით რესტორან “სხვაში“, ჩავიდა ხელების დასაბანად, შეაგვიანდა და ჩავედი, სადაც შევესწარი ასეთ კადრებს - თამაზი იდგა და 5 კაცი სთხოვდა ბოდიში მოეხადა პოსტებთან დაკავშირებით. ბოდიში მოიხადეო, რუსეთუმეებს და რუსეთს რომ ცუდად მოიხსენიებო. თამაზი ეუბნებოდა, რაზე უნდა მოვიხადო ბოდიშიო, მე რომ დამინახა, მითხრა, წადიო. ვინ იყვნენ, არ ვიცით, იმედში ვმუშაობთო, სახელები და გვარები არ ახსენეს. შემდეგ თამაზიმ უთხრა, ცოლს ავიყვანო და ჩამოვალო. მერე გავარჩიოთ, თუ რამე გაინტერესებთო და აგიხსნითო. გამოშვებით არ უშვებდნენ, შემდეგ მე დაცვასაც დავუძახე, შემდეგ წამოვედით. რამდენიმე წუთში რომ ჩავიდა, იქ აღარ იყვნენ. მერე პატარა ლაივი ჰქონდა, გამოჩნდით, ვინ იყავით, რომ ვისაუბროთ ისევო. დღეს მივდიოდით ლისზე, გავჩერდით ყავის საყიდლად, მე შევედი ყავაზე, გამოვედი და ეს სიტუაცია დამხვდა, მოსამართლის განჩინება ჰქონდათ ჩხრეკაზე, გაჩხრიკეს თამაზიც და მანქანაც. არ უთქვამთ რას ეძებდნენ, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო, - ამბობს ანა სუჯაშვილი.
სამართადამცავები თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ამ წუთებშიც ჩხრეკენ.
ადგილიდან კადრები ბიზნესმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა ორი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს - როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.