ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა
საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა - განაცხადების მიღების ახალი ვადა 2026 წლის 31 დეკემბერია. აქამდე კონკურსი დღეს, 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.
იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას 1 სექტემბრის ბრძანებით, საქართველოს მიერ შერჩეული სამი კანდიდატის სია ევროპის საბჭოს არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა უნდა წარედგინოს. მათგან ერთ მოსამართლეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მაქსიმუმ 9 წლის ვადით აირჩევს.
კონკურსის გახანგრძლივებას გამოეხმაურა გიორგი ბურჯანაძე. მისი განცხადებით, პროცესი უკვე მეოთხედ გაგრძელდა და კონკურსის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს ისიც, რომ განაცხადების მცირე რაოდენობაა შესული. ბურჯანაძე ასევე აკრიტიკებს კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობას.
„ევროსასამართლოს შესარჩევი კონკურსია გამოცხადებული 9 თვეზე მეტია და ერთეული განაცხადები შევიდა, სავარაუდოდ იმიტომ რომ არავინ ენდობა ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ კონკურსებს. კომისიის 13 წევრიდან 4 ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირია. 3 სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი (ამ უნივერსიტეტებზე სრული კონტროლი აქვს ქართულ ოცნებას თებერვლის ცვლილებებით). ასევე დიმიტრი გვრიტიშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს სანქცირებული მოსამართლე როინიშვილი. 13-დან 12 კაცია.
დღეს მეოთხედ გაგრძელდა კონკურსი ამჯერად წლის ბოლომდე. ქართულმა ოცნებამ იცის რომ ეს კონკურსი ისე ვერ ჩაივლის როგორც მისი ჩატარებული სხვა კონკურსები, რადგან სტრასბურგში სამი დონის კონტროლს გადის ეს პროცედურა“, – წერს გიორგი ბურჯანაძე.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას არანაკლებ B2 დონეზე და ჰქონდეს მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.