კრემლი ოფიციალური ბერლინის შეზღუდვებს მუქარით პასუხობს
გერმანია ამ თვის ბოლოს რუსეთის საკონსულოს დახურავს - გაუქმდება ბერლინში მდებარე კულტურული ცენტრის, „რუსული სახლის“ მშენებლობის კონტრაქტიც. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აკეთებს. გაძლიერდება კონტროლი რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში შესვლას გადაწყვეტს.
გადაწყვეტილების მიზეზი ლაიფციგში მომხდარი ჰიბრიდული თავდასხმა გაახდა, რაზეც გერმანიამ პასუხისმგებლად რუსეთი დაასახელა. ამის გამო გერმანიაში დაიბარეს რუსეთის ელჩიც თუმცა მან ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
- შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა გუშინ განაცხადა, რომ გასულ თვეს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - “რუსული სახლი”, რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.
გერმანიის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო გამოეხმაურა - მისი თქმით, ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში კი „რუსეთის სახლის“ დახურვასთან დაკავშირებით საფრთხე შეუქმნა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას და გოეთეს ინსტიტუტის ფუნქციონირებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გერმანია ესკალაციის გზა დაადგა და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირება არ გამორიცხა.
გრუშკომ განაცხადა, რომ ბერლინთან დიპლომატიური ურთიერთობების სრული გაწყვეტის საკითხი ამჟამად არ განიხილება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სფეროში ურთიერთობების გაუარესების საზღვარი არ არსებობს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერლინის "არამეგობრულ ნაბიჯებზე რეაგირება მკაცრი იქნება".
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კი გერმანიას დარტმებით დაემუქრა. მისი თქმით გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე.
მისივე მტკიცებით, ბერლინმა რუსეთს ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებულ დაუმტკიცებელ თავდასხმაში დასდო ბრალი.
მედვედევი ამბობს, რომ „ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ“ და მათ ქმედებებს საპასუხო ანგარიშსწორებით პასუხობენ.
„გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნეონაცისტური, მძაფრად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, შეთხზული დივერსია მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ისინი იმსახურებენ პირდაპირ დარტყმას გერმანიაში სამხედრო ტექნიკის ყველა იმ საწარმოზე, რომლებიც „ბანდერისტული კლიკასთვის“ მუშაობენ და, სავსებით შესაძლებელია, ბერლინის სხვა ადგილებშიც“, - აღნიშნა მედვედევმა.
გერმანია ამით არ კმაყოფილდება და აპირებს ევროკავშირს სანქციების სიაში კიდევ უფრო მეტი რუსი პირის შეტანა შესთავაზოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერციმ განაცხადა.
გერმანიის დაწესებულ და დაანონსებულ სანქციებს უკვე ვლადიმერ პუტინმა უპასუხა. მერცის განცხადებები და მუქარა, პუტინისთვის იმის მანიშნებელია რომ გერმანაში პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილურია.
„გერმანიის ხელისუფლება მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებით ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობს“ -აცხადებს პუტინი და ამბობს იმასაც, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გერმანელი ხალხის ინტერესებში არ შედის.