დრონების საფრთხე რუსეთის ცაზე - თურქული ავიაკომპანიები რეისებს აუქმებენ, თბილისიდან ფრენები გრძელდება

02.09.26 17:32
დრონების საფრთხე რუსეთის ცაზე - თურქული ავიაკომპანიები რეისებს აუქმებენ, თბილისიდან ფრენები გრძელდება

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, თურქულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისების ნაწილი გააუქმეს. Pegasus Airlines-ისა და Turkish Airlines-ის გადაწყვეტილება რუსეთის საჰაერო სივრცეში შექმნილ ვითარებასა და მოსკოვის აეროპორტებში დაწესებულ დროებით შეზღუდვებს უკავშირდება. რუსული მედიის ინფორმაციით, 2 სექტემბერს გაუქმდა ათზე მეტი რეისი, მათ შორის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, Pegasus-ის რამდენიმე თვითმფრინავი კი, რომელიც უკვე რუსეთისკენ მიფრინავდა, უკან, თურქეთში დაბრუნდა.

ავიარეისების შეფერხება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენების მზარდი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. 

ამ ფონზე, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ვითარება ამ დროისთვის უცვლელია - საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს რუსეთის მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების მიზეზით შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოუცხადებიათ.

"პირველები" დღეს იმ მგზავრებსაც ესაუბრა, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებოდნენ. რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ არ ეშინიათ და ზელენსკის განცხადებაც მათთვის "სარწმუნო არ არის".

რისი უნდა მეშინოდეს? რუსეთზე ძლიერი არავინ არ არის. რომ მეშინოდეს, არ წავიდოდი, - ამბობს მგზავრი.

ეს ყველაფერი სისულელეა. შეიძლება, მართლაც იყო საფრთხე, ძალიან ბევრი დრონი დაფრინავს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფრენა უნდა შევწყვიტოთ? თან, მითუმეტეს, ხომ აქვს მნიშვნელობა, ვინ ამბობს ამას, - ამბობს რუეთის მოქალაქე. 

მე არ მეშინია, მგონია, რომ რასაც ზელენსკი ამბობს, ეს ცარიელი სიტყვებია. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, არ მგონია, ეს ჩემთვის კარგი იყოს. წესით, ეს მხოლოდ პოლიტიკოსების სალაპარაკოა, - ამბობს, კიდევ ერთი მგზავრი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს.

მისი განცხადებით, უკრაინული დრონების ოპერაციების გაფართოების ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციისთვის რისკები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

მსგავსი სიახლეები