იზოლატორში თამაზ ელიზბარაშვილი შეუძლოდ გახდა
დროებითი მოთავსების იზოლატორში თამაზ ელიზბარაშვილი შეუძლოდ გახდა, ამის შესახებ "პირველებს" მისმა ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა განუცხადა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებული ბიზნესმენის ცუდად გახდომას სამართალდამცავი უწყებების მიერ არაადამიანურ მოპყრობას უკავშირებს.
ამასთან, ლექსო სვიმონიშვილის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე გააგრძელებს შიმშილობას, სანამ პატიმრობაში იქნება, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს,
ბატონმა თამაზმა განაცხადა, რომ ვიდრე იქნება პატიმრობაში, რომელსაც იგი მიიჩნევს უკანონოდ, მანამდე გააგრძელებს შიმშილობას. გამოკითხვას რაც შეეხება, ბატონმა თამაზმა, გუშინ მე რაც მოვინახულე გვიან ღამით იზოლატორში, მას შემდეგ გახდა შეუძლოდ, რასაც უკავშირებს მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას სამართალდამცავი უწყებების მიერ და ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ქალაქის მთავარ პროკურატურაში და გამომძიებელი იყო შემოსული, შედგა გასაუბრების ოქმი და დაველოდებით შემდეგ რეაგირებას," - ამბობს ადვოკატი.
გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.