ნასაკირალში 63 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

02.09.26 22:17
ნასაკირალში 63 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში 63 წლის ნარგული ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი, დღეს, სასამართლო პროცესზე დაარღვია.

დაკავებულმა გოგიტა ელიაძემ განაცხადა, რომ დანაშაული, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ედავებიან, არ ჩაუდენია. 

"პირველების" კოორესპოდენტის ინფორმაციით, სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამთა საჯაიამ მიიღო. 

პროცესი გურიის მთავარ პროკურორს მალხაზ სირაძეს მიყავდა. მეორე პროკურორი თორნიკე აბუსერიძე იყო.

პროკურორების თქმით, ბრალდებულმა დანითა და სპეციალური ხელთათმანებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ფანჯრიდან შეაღწია გარდაცვლილის სახლში და მას რამდენიმე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, გოგიტა ელიაძე მარგო ზოიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურორების განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დნმ დევს.

ცნობისთვის, საქართველოს პრიკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.