ბაჩიაშვილმა მაიამის ერთ-ერთ კუნძულზე ვილა რეკორდულ $51.5 მილიონად გაყიდა - მედია
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის კუნძულ ჰიბისკუსზე ვილა $51.5 მილიონად გაყიდა - ამის შესახებ New York Post წერს.
მედიამ გაარკვია, რომ ვილის გაყიდვის შესახებ განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდა და მას მფლობელი თავდაპირველად $55 მილიონად ყიდდა.
გამოცემა წერს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ქონება 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. გამოცემის წყაროს ცნობით, იმ დროისთვის შენობა "სახლის ჯერ კიდევ დაუსრულებელ, მშენებარე კარკასს წარმოადგენდა".
გამოცემა წერს, რომ ვილის მახასიათებლებს შორის შედის: სახლის კინოთეატრი ბარით, აუზი და ორი კერძო ნავსადგომი, რომელთაც სულ მცირე ერთი 32 მეტრის სიგრძის იახტის დატევა შეუძლიათ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან 2026 წლის 18 თებერვალს გათავისუფლდა.
პროკურატურამ თქვქ, რომ ბაჩიაშვილმა "სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე".