ადვოკატი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

03.09.26 12:16
ადვოკატი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ცნობილია, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, საგამოძიებო ორგანოში, 13:00 საათზე მივა.

იურისტი ამბობს, რომ ყველა პოლიციელის ამოცნობა, შეუძლია, რომლებმაც მისი თქმით, ბიზნესმენის სახლის ჩხრეკისას მასზე იძალადეს. 

მათ აქვთ ვიდეო-კადრები გადაღებულ, როგორ ხდებოდა, დაიწყო ძალადობა - გამითიშეს ტელეფონი, რომ არ გადამეღო, თუმცა არიან მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ, როგორ იძალადეს ჩემზე. ჩემი გამოკითხვაზე დაბარების გარეშეც შეეძლოთ, მოძალადე პოლიციელები დაეკავებინათ, თუმცა არცერთი მათგანი დაკავებული ამ დრომდე არ არის. ჩემს გარდა, ნაცემია ორი ქალბატონიც. 

ვფიქრომ მათ უნდოდათ, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჩაედოთ ბატონი თამაზ ელიზბარაშვილისთვის, ამიტომ მაიძულებდნენ ვიდეო-გადაღება შემეჩერებინა"- აცხადებს ადვოკატი. 

რაც შეეხება თამაზ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბიზნესმენს 72-საათიანი ვადა იმისათვის, რომ სასამართლომ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელოს, ხვალ ეწურება.

თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.