"პირველების" ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე ჩვენებას გიორგი მიქაძე აძლევს
სუს-ის ექს-შეფის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ამ წუთებში, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე ჩვენებას გიორგი მიქაძე აძლევს. თბილისში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმეზე მსჯავრდებული პირი დაცვის მხარის მოწმეა.
სხდომას, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ესწრება თავად ბრალდებული ლილუაშვილიც. არსებული ინფორმაციით, გიორგი მიქაძე ჩვენებას სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრების" ეპიზოდზე აძლევს.
- ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, 10 პირის, მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.
- საქართველოს პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ქოლცენტრების მასშტაბური საქმე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს უკავშირდება.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.