პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციამ ელიზბარაშვილის დაკავების დროს მასზეც იძალადა
ანამარია ყიფიანი, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მუშაობს, აცხადებს, რომ ბიზნესმენის დაკავების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილი ხელბორკილებით ჩამოჰყავდათ სახლიდან, სწორედ ამ დროს შსს-ს წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გაწიეს - "ნეკნები მტკივა ისე მივყავდი და მიმათრევდნენ".
როდესაც ბატონი თამაზი ჩამოჰყავდათ ბორკილებით, ჩვენ ვიძახდით - სირცხვილია, არ წაიყვანოთ - რის შედეგადაც, სადაც ვიდექით ძალით ეცადნენ ჩვენს გაწევას. კადრებშიც ჩანს, რომ მე ძირს ვაგდივარ, მეორე გოგოს, ეთოს, ძალით მიათრევენ, ესეც ჩანს. რომ ეთქვათ, რო0მ გაიწიეთ, არა, პირდაპირ ძალაზე გადმოვიდნენ. 3-4-4 მოდის და ძალით გვათრევენ, ნეკნები მტკივა ისე მივყავდი და მიმათრევდნენ," - ამბობს ყიფიანი.
ცნობისთვის, ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში იკითხება.
რაც შეეხება თამაზ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბიზნესმენს 72-საათიანი ვადა იმისათვის, რომ სასამართლომ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელოს, ხვალ ეწურება.
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.