თამაზ ელიზბარაშვილის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, იზოლატორში დაკავებულ ბიზნესმენთან გამომძიებელი შედის
"პირველების" ინფორმაციით, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში თამაზ ელიზბარაშვილთან გამომძიებელი შედის.
პარალელურად, ირკვევა, რომ დაკავებული ბიზნესმენის ადმინისტრაციული საქმე უკვე საქალაქო სასამართლოშია. ამ დროისთვის, უცნობია რომელ მოსამართლეს დაეწერება თამაზ ელიზბარაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად.
არ არის გამორიცხული, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ ბიზნესმენს ბრალდება ჯერ წარდგენილი არ აქვს.
ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არი 72 საათი, ამ 72 საათში თუ არ ჩატარდა სასამართლო პროცესი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს იზოლატორიდან. ჩემი ინფორმაციით, გააგრძელეს ვადა მაქსიმალურად, 72 საათამდე, თუ დღეს, ან ხვალ არ ჩატარდება პროცესი, თამაზ ელიზბარაშვილი დატოვებს იზოლატორს.
რაც შეეხება, სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც იყო გამოძიება დაწყებული და მოჰყვა ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე არ არის, ბრალი წარდგენილი არ აქვს, აპირებენ ბრალის წარდგენას თუ არა, ეს არ ვიცით იმიტომ, რომ ეს პროკურატურის დიკრეციაა.
თამაზ ელიზბარაშვილი სისხლის სამართლის საქმეში გამოკითხული არ არის, როგორც მოწმე, იგი გამოიკითხა სხვა საქმეზე, რომელიც დაიწყო მის მიმართ ჩადენილი უფლებების დარღვევის შესახებ, გუშინ იყო ქალაქის პროკურატურის გამომძიებელი შემოსული და ჩატარდა მასთან გასაუბრება.
ყველაფერზე მზად არის, არის ბრძოლის განწყობაზე, თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ და აპირებს ბრძოლას. მისი განცხადებით, დაკავების დროსაც, შემდეგ განყოფილებაშიც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, რაზეც მიაწოდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია," - განაცხადა ლექსო სვიმონიშვილმა.
1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში იკითხება.