"პირველების" ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის მუხლით ბრალდებას წარუდგენენ
"პირველების" ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილისთვის, ამ წუთებში, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
ადგილიდან "პირველების" კოორესპოდენტი იტყობინება, რომ დაკავებულ ბიზნესმენთან ადვოკატი და გამომძიებლები არიან შესულები.
ბიზნესმენს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და მუქარის ფაქტზე წარუდგენენ ბრალდებას.
თამაზ ელიზბარაშვილთან იზოლატორში შესვლამდე, მისმა ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გამოძიებას რამდენიმე დღის წინ რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კადრები უკვე ამოღებული აქვს.
უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალებთან ჯერ წვდომა არ აქვს.
როგორც ვიცი, რესტორნის კადრები ამოღებული აქვს უკვე გამოძიებას, ვინაიდან ჯერ თამაზ ელიზბარაშვილი არ არის ბრალდებული, გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებთან დაცვის მხარეს წვდომა არ გვაქვს," - ამბობს ადვოკატი.
ამის პარალელურად, სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით პროცესი, სავარაუდოდ, დღეს უნდა ჩაინიშნოს.
ბიზნესმენი დაკავების მომენტიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს, დაკავებამდე კი აცხადებდა, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლია. ელიზბარაშვილის გარემოცვა ასახელებს რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, მათი მტკიცებით, ბიზნესმენს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა და მისი Facebook სტატუსების გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, პირველ სექტემბერს, გაიჩხრიკა ძაღლების თავშესაფრის მფლობელის ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი. სამართალდამცავები იმყოფებოდნენ ამჟამად დაკავებულის პენსიონერი მშობლების საცხოვრებელშიც.