გიორგი მიქაძემ მხოლოდ ფარცხალაძესთან და ჩოხელთან ნაცნობობა დაადასტურა, საქმიანი ურთიერთობა კი გამორიცხა - პროკურორი
სუს-ის ექს-შეფის საქმე - დღეს დაცვის მხარის მიერ გამოძახებულმა მოწმემ, გიორგი მიქაძემ მხოლოდ ოთარ ფარცხალაძესთან და მიშა ჩოხელთან ნაცნობობა დაადასტურა, საქმიანი ურთიერთობა კი გამორიცხა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სახელმწიფო მბრალმდებლის თქმით, მიქაძემ სასამართლოზე თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს საერთოდ არ იცნობს.
დღეს მარიამ ბერძენიშვილმა მედიასთან ახსნა, რომ "ქოლ-ცენტრების" საქმის ორი მიმართულება. მისი თქმით, ელისო კილაძეს, მიქაძეებს და ა.შ. მფარველობდა ოთარ ფარცხალაძე. ხოლო გრიგოლ ლილუაშვილი რომელ "ქოლ-ცენტრებსაც" მფარველობდა, ამ მიმართულებით პროკურორის განცხადებით, სხვა მოწმეებია დაკითხული.
რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, რომლის ჩვენების განეიტრალებასაც ცდილობდნენ დღეს ადვოკატები, ამ მოწმემ, პროკურორის განმარტებით ისაუბრა იმაზე რომ არსებობდა მფარველობის მიმართულებები, თუმცა ამ კონტექსტში ლილუაშვილთან კავშირი მას არ ჰქონდა.
ელისო კილაძეს, ისევე როგორც გიორგი მიქაძეს და მათთან ერთად ორანიზებულ ჯგუფში მყოფ ხალხს, რომლებიც "ქოლ-ცენტრების" საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით იღებდნენ მონაწილეობას, მფარველობის მიმართულებით ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს ბრალი, რომ მფარველობას უწევდა ოთარ ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები და მა მიმართულებით ბრალდების მხარე არ ედავება გრიგოლ ლილუაშვილს, რომ აი ამ ადამიანების მფარველობაში იოღებდა მონაწილეობას.
გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენ სულ სხვა მიმართულებით ვედავებით მფარველობის კუთხით. ჩვენ დავკითხეთ ის ადამიანები ვინც „ქოლ-ცენტრს“ მართავდა და ვინც დაკავშირებული იყო იმ „ქოლ-ცენტრებთან“, რომელსაც ლილუაშვილი მფარველობდა. ანდრია ლილუაშვილიც ჩართული იყო ამ სქემაში. როდესაც გაჟღერებულ იქნა გივი ჯიბლაძის სახელი, რომ მას არ მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი და მათ შორის იყო დაპირისპირება, ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც ამაზე ვუთითებთ.
რაც შეეხება მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, გივი ჯიბლაძე გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხა. ამ ადამიანმა ზოგადად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მფარველობის მიმართულებები არსებობდა გრიგოლ ლილუაშვილთან მას პირადი შეხება და ურთიერთობა არ ჰქონია იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ჩვენ ვედავებით.
დღეს დაიკითხა გიორგი მიქაძე და ელისო კილაძე. ეს უკანასკნელი საუბრობდა იმაზე, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან დაპირისპირება ჰქონდა გივი ჯიბლაძეს და, შესაბამისად, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რაიმე ფორმით მფარველობას უწევდა, მაგრამ არც ბრალდების მხარე არ ედავება და არც საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გივი ჯიბლაძის „ქოლ-ცენტრებს“ რაიმე ფორმით მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი, ამიტომ, ასეთი განცხადებებით აბსურდამდე მივდივართ.
რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, მას კითხვები დავუსვი იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგადად საქმეში ფიგურირებენ. ესენია ფარცხალაძე, ჩოხელი, სეხნიაშვილი, მათ შორის, იცნობდა თუ არა ელისო კილაძეს. მან მხოლოდ დაადასტურა ფარცხალაძესთან და ჩოხელთან ნაცნობობა და განმარტა, რომ არცერთ მათგანთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. ასევე განმარტა, რომ ელისო კილაძესა და გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილებს არ იცნობს. პრაქტიკულად, ყველა პირთან კავშირი და რაიმე ფორმით ახლობლობა უარყო.
როდესაც კითხვა დაესვა, თუ რას საქმიანობდა იგი დაკავებამდე,მან განმარტა, რომ არის ბიზნესმენი.
დღეს დაცვის მხარის სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ გივი ჯიბლაძის მიერ მიცემული ჩვენება გაებათილებინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ანდრია ლილუაშვილთან, რომლებიც ზუსტად იმ „ქოლ-ცენტრებში“ საქმიანობდნენ, რის მფარველობასაც ჩვენ ვედავებით ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს, ამიტომ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გივი ჯიბლაძემ ინფორმაცია მოგვაწოდა და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვითხოვთ ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება გივი ჯიბლაძის მიმართ შეღავათებს, ზოგადად, გამოძიებასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მათ შორის, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ბრალდებულთან მიმართებით მიღებულია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უბრალოდ საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ აღიარება და თანამშრომლობაა“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.